რამდენი უცხოელი ოფიციალურად დასაქმდა ქართულ კომპანიებში? ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ქართული კომპანიები ვალდებულნი არიან, სამინისტროს აცნობონ უცხოელების დასაქმების შესახებ
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის 24 მაისამდე ქართულ კომპანიებში ოფიციალურად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ დაახლოებით 1,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ.
მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ქართული კომპანიები ვალდებულნი არიან ხელშეკრულების გაფორმებისას სამინისტროს აცნობონ უცხოელების დასაქმების შესახებ.
შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პერიოდში ქართულმა კომპანიებმა ოფიციალურად დაასაქმეს 1646 უცხოელი, საიდანაც 1052 რუსეთის მოქალაქეა.
ამ დროისთვის პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება შრომითი მიგრაციის შესახებ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლება შეზღუდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება გარკვეულ სფეროებში.
გარდა ამისა, ყველა კომპანიას მოეთხოვება დაქირავებულ უცხოელებთან კონტრაქტები რეგისტრაციაში გაატაროს.