თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი არხის იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი ელენე მიხაილოვა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) იურიდიული კომიტეტის წევრად მესამედ ვადით აირჩიეს, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.
იურიდიული კომიტეტის წევრების არჩევნები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, იურიდიული ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. კომიტეტის არჩევნები ყოველ ორ წელიწადში იმართება და წევრებს შორის მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, აღნიშნავს „პირველი არხი“.
იურიდიული კომიტეტის მიზანია ევროპის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მასშტაბით, საზოგადოებრივი მედიის პოპულარიზაცია და დაცვა, ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამართლებრივი და საზოგადოებრივ საქმეთა სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და წარმოდგენილია სხვადასხვა კომიტეტში
საქართველოს პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა მედიის ახალი გამოწვევების მიმართულებით, რისთვისაც საუკეთესო პლატფორმა სწორედ ევროპის მაუწყებელთა კავშირია.