საზღვარგარეთის ქვეყნების პირველი პირები ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

Sputnik
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ.

„მსურს მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მოუთმენლად ველი თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ამ რთულ პერიოდში“, – წერია მეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობები.
„ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია ტვიტერზე გავრცელებულ მილოცვაში.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომ.
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს>>
„შვედეთი რჩება თქვენი ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ერთიანობისა და ევროინტეგრაციის რეფორმების მიმართ“, – წერს ტიდესტრომი ტვიტერში.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. „ევროკავშირის დელეგაცია გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" – წერია მილოცვაში.
ტვიტერში მისალოცი განცხადება გამოაქვეყნა გაეროს წარმომადგენლობამაც.

„ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე, საქართველო. გაერო გააგრძელებს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს მშვიდობის, ადამიანის უფლებების, კეთილდღეობის და ინკლუზიური საზოგადოების მშენებელობა“, – წერია ტვიტერის გვერდზე.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.