თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდება.
დღის მთავარი ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. რეკრუტები და წვევამდელები საქართველოს ათ რეგიონში სამხედრო ფიცს დადებენ ქვეყნის პირველი პირებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.
თავისუფლების მოედანზე განლაგდება საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი. იგეგმება თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები.
დაგეგმილია სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.