თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სამინისტრო იწყებს მუშაობას სკოლებში ეროვნულ შეფასებაზე, რომელიც ბავშვების ცოდნის გაზომვის შესაძლებლობას იძლევა, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლებში არ არსებობს არანაირი შეფასების სისტემა, რომლითაც მოსწავლის აკადემიური მოსწრება გაიზომება. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი, თუ რა სახის შეფასების მექანიზმი დაინერგება.
„შეიძლება ეს იყოს გამოცდა, შეიძლება იყოს ტესტი, შეიძლება იყოს ე.წ. GPA-ს დათვლის მეთოდოლოგია. ამასთან კავშირშია ეროვნული გამოცდები. თამამად ვიტყვი, რომ ეროვნულმა გამოცდებმა უდიდესი მნიშვნელობა და როლი შეასრულა განათლებაში და ასრულებს დღემდე", – განაცხადა ამილახვარმა.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით ორ წელიწადში უკვე შეიქმნება შეფასების ახალი მექანიზმი.