საქართველოში პოლიტიკური მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს ჩამოასვენებენ

ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩომ მოიძია.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში უზბეკეთიდან საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლომთათიძე 1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც საზღვარგარეთ გაემგზავრა და ცხოვრობდა ლაიფციგში. ის მალევე დაბრუნდა თბილისში და პედაგოგად დაიწყო მუშაობა.
ლომთათიძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, შემდეგ კი ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს კი აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.
1919 წელს ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ.
თბილისში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნება>>
ლომთათიძე 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და ჩასვეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
საგარეო უწყების ცნობით, ლომთათიძის ნეშტის გადმოსვენება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.