თბილისი, 25 მაისი – Sputnik. გლდანში მდებარე საშაურმე „ბალუს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ კვების ობიექტში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვ.
აღნიშნულ საშაურმეს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ასევე მიეცა მითითება, არ განათავსოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათი ბაზარზე.
ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა 1 ათასი ლარით.
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.