Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს

Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი" კომპანიის გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ავიაკომპანიის გეგმაშია ფრენები მილანის, პარიზის, ვენის, ლარნაკასა და სალონიკის მიმართულებით.
Georgian Airways ტრანზიტული რეისების შესრულებას 15 ივნისიდან აპირებს. გაიაშვილმა ივარაუდა, რომ ასეთ რეისებზე მოთხოვნა იქნება, რადგან, მისი თქმით, ეს სწრაფია და მოსახერხებელი.
Georgian Airways ორიდან ერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღადგინა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მოხსნა.
თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა>>
პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა შეასრულა. მეორე დღეს კი, 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 2 ივნისიდან ოპერირებას დაიწყებს მეორე რუსული ავიაკომპანია – Red Wings.
საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ ფრენების ნებართვა ჯერჯერობით ამ სამ ავიაკომპანიას მისცა. ფრენების შესრულების სურვილი ამ დროისათვის ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.