თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მაისს გაიხსნება ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს.
დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა – დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები, ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა.
ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟებს.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.