„სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში“: გლდანში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა

სასწაულებრივად გადარჩენილმა მოქალაქემ მიმართა მერიას, რათა დროულად გადაწყდეს გაუმართავი ლიფტის საკითხი.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გლდანში, მესამე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში მეცხრე სართულიდან ლიფტი შახტაში ჩავარდა, მასში ერთი წლის ბავშვი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.
ლიფტმა ვარდნა რამდენიმე სართულის შემდეგ შეაჩერა და გაიჭედა. სამივე მგზავრი გადარჩა.
როგორც სოციალურ ქსელში თამო ჩოჩნიძემ დაწერა, ის ლიფტის კაბინაში ქმართან და ერთი წლის შვილთან ერთად შევიდა.

„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად მესამე მიკროს მე-11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა. გული თუ არ გაგვისკდებოდა, არ მეგონა, ჩემი წივილი ყველას ესმოდა. არ ვიცი, ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ“, – დაწერა თამო ჩოჩნიძემ.

სასწაულებრივად გადარჩენილმა მოქალაქემ მიმართა მერიას, რათა დროულად გადაწყდეს გაუმართავი ლიფტის საკითხი, სანამ ვინმე არ დაღუპულა.