მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაკრედიტების ტემპის დაჩქარებას შეუწყობს ხელს - გაჩეჩილაძე

ბოლო ორი წელიწადია, რაც დაკრედიტების ტემპი ეკონომიკური ზრდის ტემპს ჩამორჩება, ხოლო დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, აღნიშნა „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, რაც ბანკს უფრო შეღავათიანი სესხების გაცემისა და ქვეყანაში დაკრედიტების ტემპის დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეფინანსირების განაკვეთი თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად მაისში შემცირდა 10,5%-მდე. რეგულატორი რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის მარტიდან 11%-ზე ინარჩუნებდა.

„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და საშუალება მოგვეცემა, რომ უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი კრედიტების მიწოდება მოხდეს მოსახლეობისთვის", – განაცხადა გაჩეჩილაძემ, იუწყება Business Formula.

გაჩეჩილაძის თქმით, ბოლო ორი წელია დაკრედიტების ტემპი ჩამორჩება ეკონომიკის ზრდის ტემპს. დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს.
„ინფლაცია ჩამოსცდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს, რაც ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან რეგიონში ბევრ ქვეყანას, მათ შორის არც ევროპასა და ამერიკაში, არ აქვს ამის ფუფუნება", – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ეს საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, რომ ცოტა უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას საპროცენტო განაკვეთის დაწევის კუთხით, დასძინა მან.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა გაითვალისწინა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები.
როგორ აისახება მონეტარული პოლიტიკის შერბილება საქართველოს საკრედიტო ბაზარზე - ექსპერტები>>
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, ინფლაციის კლება დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირებამ განაპირობა.
საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
მონეტარული პოლიტიკა საქართველოში კიდევ შერბილდება - ექსპერტის პროგნოზი>>
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია, ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.