თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს საფინანსო სექტორი, ისევე როგორც ეროვნული ბანკი, ძალიან სერიოზულად ეკიდება საერთაშორისო სანქციების დაცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
„ეროვნული ბანკი ახდენს ამ სანქციების დაცვის მონიტორინგს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, მეორადი სანქციების რისკის ქვეშ დავდგეთ, რაც იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საფინანსო სექტორისთვის და შემდგომ უკვე – ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთსა და ბელორუსს დაუწესდათ ახალი სანქციები ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ. ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს ამ სანქციების ზედმიწევნით შესრულება მოსთხოვა.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ეროვნული ბანკი ახდენს ამ კანონის მონიტორინგს საფინანსო სექტორში. ამ კუთხით, გასული წელი ძალიან აქტიური იყო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სანქციების შესაბამისობასთან უზრუნველყოფა“, - განაცხადა მან.
საბანკო საკითხებში საქართველო, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ყველა საერთაშორისო სანქციას ასრულებს. რუსული საბანკო ბარათები საქართველოში არ მოქმედებს. ასევე არ ხორციელდება პირდაპირი საბანკო გადარიცხვები ქვეყნებს შორის, შესაძლებელია მხოლოდ გადარიცხვა ფულადი გზავნილების სისტემით.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.