თბილისის მერმა რვა წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილს გამარჯვება მიულოცა

ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოზარდებმა რვა მედალი მოიპოვეს.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ რვა წლის მარიამ რეხვიაშვილს, რომელიც ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა. ჩემპიონატზე თბილისის მერიის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელი, 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მარიამის მწვრთნელს, ბატონ იოსებ კვირიაშვილს. ასევე მინდა მარიამს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ოქროს მედალი მოეპოვებინა", – განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში ქართველმა მოზარდებმა სულ ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.