თბილისი, 24 მაისი — Sputnik. კორონავირუსული პანდემიის დასრულება არ ნიშნავს COVID-19-ის, როგორც გლობალური საფრთხის დასრულებას, უფრო საშიში ახალი პანდემიის საფრთხე არ გამოირიცხება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ყოველწლიურ ასამბლეაზე.
„კვლავაც რჩება [COVID-ის] სხვა ვარიანტის გაჩენის საფრთხე, რომელმაც შეიძლება დაავადებისა და სიკვდილიანობის ახალი აფეთქება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ასევე რჩება კიდევ უფრო მომაკვდინებელი პოტენციალის მქონე ახალი პათოგენის გაჩენის საფრთხეც“, — განაცხადა მან.
გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიოს, მზად იყვნენ მომავალი საფრთხისთვის კოლექტიური წინააღმდეგობის გასაწევად.
„როდესაც მომდევნო პანდემია მოგვიკაკუნებს — და ის მოგვიკაკუნებს — ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მტკიცე და კოლექტიური პასუხის გასაცემად“, — თქვა ჯანმოს დირექტორმა.
5 მაისს ჯანმოს ხელმძღვანელმა COVID-19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით, სულ მცირე, 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
წყარო: United Nations