თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გარკვეულ რისკებს შეიცავს და მისი გახსნის ან გადადების გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში, ბოლო შეთანხმებით, 2023 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. სულ კი ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა აქამდე ხუთჯერ გადაიდო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. ამჟამად ბირჟის ამოქმედების თარიღად 2023 წლის 1 ივლისია დასახელებული.
„ან უნდა გავრისკოთ და გავხსნათ, ან, შესაძლოა, გარკვეული სიტუაციების ნორმალიზებას დაველოდოთ. ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნარმანიამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
როგორც ნარმანიამ განმარტა, ის გამოწვევები, რაზეც წინა გადადების დროს იყო საუბარი, კვლავ რჩება. ეს არის კონფლიქტი რეგიონში, რის გამოც ენერგომატარებლების ფასები გაიზარდა.
„მათ შორის თურქეთში ერთი კილოვატ/საათი ენერგია ზოგიერთ დღიურ ბაზარზე 20-21 ცენტიც კი ღირდა. ახლა 8-9 ცენტის ფარგლებშია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუმცა გარკვეული რთულად პროგნოზირებადი და ტურბულენტური გარემო რეგიონში კვლავაც რჩება“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნები თურქეთის ფასებს უყურებენ და მისდევენ ამ ფასებს.
„ზოგჯერ, როდესაც პანიკური სიტუაციაა ბაზრებზე, პანიკაც ზრდის ფასს, როდესაც ჩვენ საკმარისი ადგილობრივი ენერგიის წარმოება არ გვაქვს და თვეების განმავლობაში დამოკიდებული ვართ მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ბაზრის გახსნა გარკვეულ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა.
ამ დროისათვის, მისი თქმით, მზად არის როგორც სახელმწიფო ენერგოსისტემა, რომელიც უნდა გაუმკლავდეს ბალანსირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს, ასევე მზად არის თავად ბირჟა, პლატფორმა, სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა უნდა მოხდეს, ასევე ბიზნეს-სექტორიც, რომელიც მიიღებს მონაწილეობას აუქციონებში.
„მისი ტესტირება ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ბაზრის გახსნის თარიღი მთავრობის კონცეფციით არის დამტკიცებული. ბაზარი უნდა გაიხსნას 1 ივლისს. ამიტომ, თუ რაიმე ცვლილება არ განხორციელდა მთავრობის მიერ ამ მოდელში, სისტემა ემზადება გასახსნელად“, – განაცხადა მან.
ახალი ბირჟა - ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.