„სად არის ლოგიკა?!" - პრემიერი ღარიბაშვილი აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს

ავიამიმოსვლა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია, ამიტომ საქართველო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა, განაცხადა ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალოგიკურად მიიჩნევს აშშ-ისა და ევროკავშირის უკმაყოფილებას იმის გამო, რომ უკრაინის კონფლიქტის ფონზე ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას აგრძელებს.
ამ დღეებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ იწვევს შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში ავიაკომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროს. მისი თქმით, „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის".

„ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ძვირფასო მეგობრებო, (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ) თქვენ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდით ბიზნესს რუსეთთან, არ გქონიათ სანქციები დაწესებული... სად არის ლოგიკა?!" – განაცხადა ღარიბაშვილმა კატარში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე.

მისი თქმით, 2008 წელს მსოფლიოში არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. 2008-2022 წლებში მხოლოდ ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა რუსეთისგან.
უფრო მეტიც, ახლა ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს რუსეთთან, რასაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში.
საქართველომ 2022 წელს რუსეთთან დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის ივაჭრა, რაც, პრემიერის თქმით, მთელი რუსული ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირმა კი, „ევროსტატის“ მონაცემებით, თითქმის 260 მლრდ დოლარი, რაც რვა წელიწადის მაქსიმუმია.
პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს>>>
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია, ამიტომაც საქართველომ წინააღმდეგობა არ გაუწია პირდაპირი ფრენების აღდგენას, როდესაც რუსეთმა 2019 წლიდან მოქმედი აკრძალვა გააუქმა. მისი თქმით, უარი შეიძლება აღქმულიყო, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რასაც საქართველო არ აპირებს.
„საქართველოს ეკონომიკა განადგურდება, ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ რუსეთის წინააღმდეგ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს შემოვიღებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა განმარტა, ქვეყანა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ქვეყანა შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ 500-ზე მეტ რეზოლუციას და განცხადებას, ასევე იცავს საერთაშორისო საფინანსო სანქციებს.
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა" ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ საქართველოში პირველი რეისი 19 მაისს შეასრულა. მეორე დღეს, 20 მაისს პირდაპირი ფრენები განაახლა ქართულმა კომპანია Georgian Airways-მა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის ნებართვისთვის ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა. ამ ეტაპზე ფრენებზე ნებართვა სამ ავიაკომპანიას აქვს მიღებული, მათგან ორი რუსულია – Azimuth და Red Wings და ერთი ქართული – Georgian Airways.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.