თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა ოთხი პირი, მათგან ერთი მეწარმე სუბიექტი კი დააკავა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, გულგრილობასა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და კახეთში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ დააფინანსა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენა, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 ათასი ლარის ოდენობით.
კოოპერატივის ბრალდებულმა ხელმძღვანელმა სახელმწიფო თანხების უკანონო მითვისების მიზნით გამოიყენა კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მან კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე.
ამის შემდეგ ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნახევარ მილიონ ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 362-ე, 2201 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.