ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, ავტომანქანის დაუფლების მიზნით ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსით“ მოახრჩვეს.
ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
სამართალდამცველებმა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ,
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - პროკურატურა