თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ჩუტყვავილას ვაქცინა საქართველოს აცრების ეროვნულ კალენდარში რამდენიმე მიზეზით არაა შეტანილი, მათ შორის, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის გამო, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გორში ოთხი წლის ბიჭუნა ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ჩხაიძემ განაცხადა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაციას მხოლოდ 44 ქვეყანაში ატარებენ. ეს ვაქცინა ეროვნულ კალენდარში ევროპის 12-მა ქვეყანამ ჩართო.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო აშშ-ში 1995 წლიდან გახდა, ევროპაში და, კერძოდ, გერმანიაში – 2004 წლიდან.
„ესაა ძალზე მსუბუქი დაავადება, ამიტომ ვაქცინაციის საკითხი არ დგას", – განაცხადა ჩხაიძემ.
სპეციალისტმა განმარტა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს ამ ვაქცინის ეროვნულ კალენდარში შეტანის რეკომენდაციას იმის გამო, რომ ის მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებასთან დაკავშირებით ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა ძალიან დაბალია.
მიზეზი №2
ასეთი მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ სავალდებულო ვაქცინების დაწესება ბავშვობის ასაკში ჰერპესვირუსული ინფექციის დაავადების ზრდას იწვევს მოზრდილებში, სადაც სიკვდილიანობა 10-15-ჯერ მეტია, ვიდრე ბავშვებში ჩუტყვავილათი ინფიცირების შემთხვევაში, აღნიშნა ჩხაიძემ.
„ანუ ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, ამბობენ, რომ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა კი ამცირებს ისედაც მცირე სიკვდილიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ზრდის სიკვდილიანობას მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფებში", – განაცხადა ჩხაიძემ.
სპეციალისტმა განმარტა, რომ მოზრდილებში ჰერპეს-ვირუსის აფეთქების რისკი მოსახლეობაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როდესაც მაღალია ვაქცინაციის მოცულობა ბავშვთა ასაკში.
„სახელმწიფო თავად საზღვრავს, რა არის მისთვის უფრო საშიში – დაუშვას სიკვდილის შემთხვევები ჩუტყვავილას დროს ერთი 100 ათას დაავადებაზე, თუ გაზარდოს სიკვდილის შემთხვევები უფროს ასაკში – 21 შემთხვევა 100 ათასზე. ეს ფულის საკითხი არ არის. ამ საკითხს სამედიცინო თვალსაზრისით უნდა შევხედოთ", – აღნიშნა ჩხაიძემ.
მიზეზი №3
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მაქსიმალური დაცვისთვის ჯანმო მოსახლეობის 80%-ზე მეტის ვაქცინაციის მოცვის რეკომენდაციას იძლევა. ამის მიღწევა საკმაოდ რთულია, აღნიშნა მან.
„თუ ასეთ შედეგს არ მივაღწევთ, შეიძლება უკურეაქცია გამოვიწვიოთ და დაავადების რიცხვი გაიზარდოს ბავშვებშიც და მოზრდილებშიც", – აღნიშნა ჩხაიძემ.
საქართველოში არიან მშობლები, რომლებიც ბავშვებს ჩუტყვავილაზე თავიანთი სურვილით ცრიან.
ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის კერძო ცენტრებში და დაახლოებით 80-100 დოლარი ღირს. ხანდახან ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ შეიძლება მისი შეკვეთა იმუნიზაციის ცენტრებში და საზღვარგარეთიდან ჩამოტანა.
საქართველოში აცრების ეროვნულ კალენდარში შედის ტუბერკულოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილიური ინფექციის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას ინექციები.
ბოლო წლებში ეროვნულ კალენდარში პაპილომა–ვირუსის საწინააღმდეგო აცრა დაემატა. მას უკეთებენ 10-12 წლის გოგონებს. ის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს ამცირებს.
ჩუტყვავილა
2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება, თუმცა 2023 წლის მარტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.
ქართველი ექიმების თქმით, ჩუტყვავილას ფასიანი ვაქცინა საქართველოში ადრე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ბოლო ორი წელია ის ქვეყანაში აღარ შემოდის. შესაბამისად, მშობლები სურვილის შემთხვევაში ჩუტყვავილაზე ბავშვებს ვერ აცრიან.
ევროპაში და აშშ-ში ჩუტყვავილის აცრა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უტარდება.
ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.
ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს, გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.
ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.
ჩვეულებრივ, ჩუტყვავილა კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი, მიოკარდიტი, პიოდერმია და ლიმფადენიტი. დაავადება 60000-დან ერთ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება.