ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე კვარაცხელიას გამო ნეაპოლში ჩავიდა

Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი „ნაპოლი“–„ინტერის“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩავიდა.
გაფრინდაშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მრავალი წელია იგი კატალონიურ „ბარსელონას" გულშემატკივარობს, მისი საყვარელი ფეხბურთელები არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიაა.

„შაბათ-კვირას არაერთხელ ვყოფილვარ ჰოკეის ან ფეხბურთის მატჩებზე, მაგრამ თამაშის სანახავად სპეციალურად რომ წავსულიყავი, პირველი შემთხვევაა“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, კვარაცხელია ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს და მისი „ნაპოლიში“ გადასვლით კლუბმა მთელი საქართველოს მხარდაჭერა მოიპოვა.
ნეაპოლში ისეთი სპორტსმენების ვიზიტებს, როგორებიცაა NBA-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, ხვიჩასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა ჭადრაკის ლეგენდამ.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა - „ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოიგო>>>
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბერში კვარაცხელიამ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად გამოუგზავნა თავისი მაისური წარწერით: „ჭადრაკის სამყაროს დედოფალს“. ერთი წლით ადრე, საკუთარ დაბადების დღეზე ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესის მაისურიც მიიღო საჩუქრად.
„ნაპოლი"–„ინტერის" მატჩი კი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
„ნაპოლიმ” ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ სერია A-ს 33-ე ტურში „უდინეზესთან” მატჩში. იტალიურმა კლუბმა 33 წლის შემდეგ მესამედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავის სადებიუტო სეზონში „ნაპოლიში“ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, ქართველმა დრიბლინგის ოსტატმა პირველი გოლი სერია A-ში აგვისტოში თავისი სადებიუტო მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.