საქართველო სანქციებს არ არღვევს - პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, „ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის".
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სანქციებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო და ეს ფაქტია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით.
მილერმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით. მისი თქმით, ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, რუსულ თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა. აშშ და მთელი დასავლური საზოგადოება „ამ რეჟიმისგან დისტანცირდა, და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის".

„როცა საქმე ეხება შეშფოთებას, საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ყურადღებით დააკვირდით ამ განცხადებებს, არცერთ განცხადებაში, იქნება ეს უცხოელი პოლიტიკოსის თუ რომელიმე სტრუქტურის მიერ გაკეთებული, არავინ არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ხდება სანქციების გვერდის ავლა ან რომელიმე სანქციის დარღვევა. ეს ფაქტია", – განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ფრენები არ არღვევს არანაირ საერთაშორისო სანქციებს და თუ ამ შეფასებას სხვა მოტივაცია აქვს, მაშინ უნდა განაცხადონ, აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ წელიწადზე მეტია, რაც რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკის შესახებ განაცხადა.

„პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: ერთი მხრივ, ჩვენ არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო სრულიად კეთილსინდისიერია და არ არის არცერთი ფაქტი, ჭორი ან ეჭვი. და, მეორე, ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

აღნიშნულ პოლიტიკას ეთანხმება ქართველი ხალხი, დაამატა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ისეთი ქმედებები, როგორიცაა საჰაერო სივრცის ჩაკეტვა ან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება, სანქციების დაწესებას ნიშნავს.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეხება საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ან სავიზო რეჟიმის შემოღებას, არის სანქცია, რომელიც, პოლიტიკოსის თქმით, გამოიწვევს ესკალაციას.
„სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ესკალაცია ნიშნავს სიტუაციას, როცა ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება შემდეგ – იქნება ეს ეკონომიკური კონტრშეტევა საქართველოს წინააღმდეგ თუ სხვა სამხედრო რისკები. იმ პირობებში, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს არ აძლევს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას, უსამართლოა საქართველოსგან ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო კონფრონტაციამდე მიიყვანს - პაპუაშვილი>>>
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ასახავს ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.
რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან გაუქმდა ქვეყნებს შორის ფრენებზე დაწესებული აკრძალვა.