თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები აზრს ვერ ხედავენ და უარს ამბობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კოლეგებთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატებზე სასაუბროდ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები კოლეგებთან მმართველი პარტიიდან. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციონერებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ოთხ წარდგენილ კანდიდატზე.
გასულ კვირაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა – რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკილაშვილმა, ლევან ნემსაძემ და ნინო ნიშნიანიძემ საბჭოში ადგილის დასაკავებლად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო. საქართველოს პარლამენტი ამ კანდიდატებს მომავალ პლენარულ კვირაში ხელახლა უყრის კენჭს.
მოლაპარაკება გამორიცხულია
მმართველ გუნდთან რაიმე კონსულტაციის გამართვა არარელევანტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იქნება, განაცხადა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა. ამასთან, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში კონსულტაციები გაგრძელდება.
„ცალკეული დეპუტატები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უცნობია... მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ეს „ნაციონალურ მოძრაობაზე" და პოლიტიკურ ჯგუფებზე, წინასწარი კონსულტაციებით ასეთი შეთანხმება, მოლაპარაკება გამორიცხულია იმ ფონზე, რაც წინა სასესიო კვირას მოხდა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ პარლამენტში ცალკეული ოპოზიციონერების მხარდაჭერით საბჭოს სამი წევრის – ზურაბ გურასპაშვილის, ტრისტან ბენაშვილისა და გიორგი გზობავას არჩევა შეძლო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ოპოზიციიდან ხმა მისცეს ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ. მათ იმავე დღეს დატოვეს ფრაქცია – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან შეთქმულებაში დასდეს ბრალი.
არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალარჩეული წევრები წარმოადგენენ იმ ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილს, რომელზეც ოპოზიცია მრავალი წელია საუბრობს, როგორც მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებზე.
შეთქმულების თეორია
დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ მიხეილ დაუშვილი კონსულტაციების გამართვაში აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, დარჩა მხოლოდ ოთხი კანდიდატი, რომელთაგან მათთვის მისაღები არცერთი არ არის.
„ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, აბსოლუტურად მიუღებელი იყო... „ქართულმა ოცნებამ“ ხუთიდან სამი წევრი, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რეალურად კი გავლენის ჯგუფების წარმომადგენლები უკვე აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კონსულტაციებისთვის მისვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
„ქართული ოცნების“ მხრიდან კონსულტაციებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებას ემსახურება, - განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ახლა უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, წავა თუ არა მმართველი პარტია დათმობებზე ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით.
„ქართულმა ოცნებამ" უკვე აჩვენა საზოგადოებას და ევროკავშირთან, რომ მათი დღის წესრიგია გააგრძელოს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებს „ქართული ოცნება", - განუცხადა ჟურნალისტებს სამადაშვილმა.
„ქართულ ოცნებას“ სიტყვა კონსულტაციის მნიშვნელობა არ ესმის, თავის მხრივ განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
„კონსულტაცია ნიშნავს, რომ რაღაც საკითხზე რამდენიმე არჩევანი არსებობს და უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არანაირი არჩევანი არ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ არანაირი კონსულტაცია არ სჭირდება“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
„გირჩს“ თავისი პირობები აქვს
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები მზად არიან კონსულტაციებისთვის და „ქართული ოცნების“ მიერ ნებისმიერი შემოთავაზებული კანდიდატის მხარდაჭერისთვის, მაგრამ საკუთარი პირობებით. დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით, ეს არის ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისეთი ინსტიტუტის დანერგვა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არსებობს.
„თუ ჩვენს შეთავაზებას დაეთანხმებიან, ამ ცვლილებას შემოიტანენ, სანაცვლოდ, ვისაც გვეტყვიან, იმას ავირჩევთ. ეს არის პირობა, ჩვენი პოზიცია საჯაროდ ნათქვამია“, - განუცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებს.
ამასთან ხვიჩიამ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის პროცესი ძალიან სასაცილოდ წარიმართა.
„ძალიან სასაცილო და გასართობი პროცესი იყო, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავს რომ არ ხდებოდეს ეს ამბავი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანო, რომლის მიზანია ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. მის კომპეტენციაში შედის პირველი ორი ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
17 მაისამდე საბჭოში კანონით განსაზღვრული 15-დან მხოლოდ 10 ადამიანი იყო, ვინაიდან პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ კაცს უფლებამოსილება უკვე ორი წლის წინ ამოეწურა.
საპარლამენტო უმრავლესობას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს და კანდიდატების ასარჩევად მას ოპოზიციასთან მოლაპარაკება სჭირდება.