თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის მზადაა სომხეთი, 86,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და ის ასევე მოიცავს მთიან ყარაბაღს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობა“ 86,6 ათასი კვ.კმ-ის ფარგლებში ფაშინიანმა რეიკიავიკში ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას აღიარა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერმა შეკითხვაზე, ცნობს თუ არა სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად, ფაშინიანმა უპასუხა:
„თუ აზერბაჯანსა და ჩვენ სწორად გვესმის ერთმანეთისა, ერევანი ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღნიშნულ 86,6 ათასი კვ.კმ-ის საზღვრებში, ხოლო ბაქო — სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29,8 ათასი კვ.კმ-ის ფარგლებში“.
ამასთან სომხეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის უნდა განიხილებოდეს, რასაც საერთაშორისო გარანტიებიც უნდა ახლდეს თან.
ფაშინიანის თქმით, ამგვარი გარანტიების არსებობა ერევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყარაბაღში ეთნიკური წმენდა და სომეხთა გენოციდი არ მოხდეს.
სომხეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, ერევანი ყოველთვის აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ რა ფარგლებში – ეს არასდროს დაკონკრეტებულა.
როგორც „Sputnik–სომხეთი“ წერს, ნიკოლ ფაშინიანი არ დაეთანხმა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის ბედს ჯვარი დაუსვა.
წყარო: „Sputnik სომხეთი“