თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ლიდერის მადრიდის „რეალის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ვალენსია" სატურნირო ცხრილში 40 ქულით (35 მატჩში) მე-13 ადგილს იკავებს. „რეალზე" გამარჯვების წყალობით (1:0) გუნდი გავარდნის ზონას დაშორდა.
მამარდაშვილის გუნდი 33-ე წუთზე დიეგო ლოპესის გოლით დაწინაურდა. შეხვედრის ბოლოს „რეალმა" სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ქართველმა მეკარემ სამივეჯერ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და იხსნა საკუთარი კარი.
მატჩის შემდეგ ლა ლიგის ხელმძღვანელობამ სპონსორთან ერთად საქართველოს ნაკრების მეკარე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. მან შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე. ეს დაეხმარა მას, რომ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ეპოვა ადგილი. ამის შემდეგ „ვალენსიამ" ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.