თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტებზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დაახლოებით 200 ათასი ლარის ზიანი.
გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის დაფარვის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 ათასი ლარი.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.