თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალი, რომლებიც ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრიტეს 1923 წელს, ვაკის პარკში მათი სიკვდილით დასჯის ადგილზე დაიდგა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების, მათ შორის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის დახვრეტიდან 100 წელი სრულდება.
„დღეიდან ვაკის პარკში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია ამ გმირებს მივაგოთ პატივი. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში.
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგა
© Courtesy of Tbilisi City Hall
მემორიალური კუთხე საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიხსნა. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები. მემორიალი და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა.