თბილისი, 21 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ტაილანდის რესპუბლიკის 3 მოქალაქეს ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაპირდა. ისინი მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი). დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს