თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესები დაამტკიცა და ამით ამ სფეროს მოწესრიგებას შეიწყო ხელი, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ღია ბანკინგი - საბანკო მონაცემებთან მესამე პირებისთვის წვდომის უზრუნველყოფა, ყველა მხარის, პირველ რიგში მომხმარებლების თანხმობისა და ავტორიზების შემთხვევაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი წესების მიზანია ღია ბანკინგში ჩართული სუბიექტების მომსახურების გამართულობის, სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
წესების მიხედვით, არასაბანკო ინსტიტუტებსაც ექნებათ წვდომა ღია ბანკინგთან, თუ ეროვნული ბანკის პირობები დაკმაყოფილდება.
ამ შემთხვევაში ჩართვა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი სუბიექტისთვის მოთხოვნების შესაბამისად.
მარეგულირებლის ინოვაციების ოფისი მზადაა დაეხმაროს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს ახალი შესაძლებლობით სარგებლობაში.