თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს აეროპორტები არც ერთ სანქცირებულ თვითმფრინავს თუ ავიაკომპანიას არ მოემსახურებიან, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ქარქაშაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების აღდგენას, რადგან ეს წაადგება რუსეთში მცხოვრებ ასობით ათასს ქართველს, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან სამშობლოში.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავიახომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში“, - განუცხადა ქარქაშაძემ ჟურნალისტებს.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელებაზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან 18 მაისიდან მიიღო, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ – 19 მაისიდან, ქართულმა კომპანია Georgian Airways-მა - 20 მაისიდან.
აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, იმ კომპანიებზე, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენებზე ნებართვები მიიღეს, არ ვრცელდება არც შეერთებული შტატების, არც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრინციპებით და სტანდარტებით, რის საფუძველზეც გასცემს ნებართვებს, შესაბამისად, თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა ნებართვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს, დაკმაყოფილებულია“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ სანქციების ქვეშ მყოფი არც ერთი ავიაკომპანია ან თვითმფრინავი არ დაეშვება საქართველოს აეროპორტებში, ქვეყნის მთავრობამ მიიღო.
ქარქაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ სანქცირებული თვითმფრინავის დაშვება ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მას აეროპორტში მოემსახურებიან.
„ავიაცია არის მკაცრად კონტროლირებადი ინდუსტრია და იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიზეზთა შორის, რის გამოც არ მოემსახურებიან სანქცირებულ თვითმფრინავებს, არის უსაფრთხოება, რადგან მწარმოებლებმა მათ კონკრეტული სერვისების მიწოდება შეუზღუდეს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.