თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, რომელიც რუსული მხრიდან აკრძალვის მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
პირველი პირდაპირი რეისი (მოსკოვი–თბილისი) რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" შეასრულა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააუქმა ცალმხრივად დაწესებული ფრენების აკრძალვა საქართველოსთან. ამ დროისათვის საქართველომ ფრენების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას მისცა.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში", – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა 10 მაისს გააუქმა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება ფრენების განახლებას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც სამშობლოში პერიოდულად ჩამოდიან.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.