თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამკაცრების ფარგლებში რუსული ალმასებით ვაჭრობის შეზღუდვას გეგმავენ, განაცხადა G7-ის სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
„ახლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ [არსებულ სანქციებში] ხვრელები ამოვქოლოთ და რუსეთი მნიშვნელოვან მიწოდებებს მოვწყვიტოთ. ჩვენ შევზღუდავთ რუსული ალმასებით ვაჭრობას. რუსული ალმასები მარადიული არ არის. ჩვენ ღიად განვმარტავთ, თუ რატომ არის ეს სანქციები აუცილებელი და გამართლებული“, — განაცხადა მიშელმა.
როგორც Bloomberg წერს, რუსული ალმასებით ვაჭრობის აკრძალვას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. ამასთან, ბელგიამ, სადაც ალმასების ძლიერი ინდუსტრია არსებობს, უკვე განაცხადა, რომ შეზღუდვებს შეუერთდება, თუ G7 ქვეყნები ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესა ემბარგო ქვეყანაში რუსული ალმასების, ასევე სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტზე. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა 86 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული.