საქართველოში McDonald's დეზინფორმაციაში დაადანაშაულეს და შეცდომის აღიარებისკენ მოუწოდეს

ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს“დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. McDonald's-ის სწრაფი კვების რესტორნების ქსელი საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ თბილისის ქუჩებში განთავსებულ McDonald's-ის სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით, რომელზეც არის წარწერა „დღეს საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 137,2 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელშიც 16 წლამდე 230,9 ათასი ბავშვი ცხოვრობს.
„როდესაც ვინმე მიზანმიმართულად, განსაკუთრებით მცდარი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობს ნიჰილიზმის კამპანიის ჩატარებას, ეს ძალიან მძიმეა, თანაც იმის ფონზე, რომ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ კომპანია თავის შეცდომას აღიარებს.
„ნიჰილიზმის დათესვა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, თუ შეცდომა აღიარებული იქნება და იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი არ განმეორდება. ზოგადად, საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით იმედგაცრუების ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნა უბრალოდ არასწორია და ასეთ ფაქტებს პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა კობახიძემ.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე - რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულები და მეტია შემწეობა. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (მოზრდილზე).
ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს“დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა. ახლა საქართველოში McDonald's-ის ოცზე მეტი სწრაფი კვების რესტორანია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა ბიზნესებს საქართველოში.