კახეთში ორი ფსიქიატრიული კლინიკა აშენდება

საქართველოში, 2021 წლის მონაცემებით, ფსიქიკური აშლილობის მქონე 84.142 ადამიანია რეგისტრირებული.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. კახეთში 2023 წელს ფსიქიატრიული კლინიკები აშენდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
ფსიქიატრებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, ყურადღება მიაქციონ ამ დარგს, დაამატონ საწოლები და გაზარდონ დაფინანსება ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანების სამკურნალოდ.
ჯანდაცვის სამინისტროს ჩინურ კომპანიასთან ერთად კახეთში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი ჰქონდა, მაგრამ 2019-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აღარ ყოფილა, განაცხადა მინისტრმა.

„მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და, ვფიქრობ, პროექტი, რაც მათთან ერთად იყო, შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება", – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო სკანდალურ თემას ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოთხ პატარა ფსიქიატრიულ კლინიკას 3-4 თვეში ააშენებენ, რის შემდეგაც პაციენტებს ახალ დაწესებულებებში გადაანაწილებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო იმ დაწესებულებების აღრიცხვა, რომლებსაც ასეთი სერვისი გააჩნიათ.

„დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1.500 საწოლი გვაქვს, თუმცა, საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, საწოლების რაოდენობა, სულ მცირე, გასაორმაგებელია", – განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიზიტის შედეგების მიხედვით შოკისმომგვრელი მოხსენება გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ პალატები გადავსებულია, ბევრს არ ჰქონდა პირადი ნივთების შესანახი ადგილი, ტუალეტები საშინელ მდგომარეობაში იყო, კარიც კი არ იკეტებოდა. პაციენტებს საერთო ღრუბლითა და საერთო ტანსაცმლით სარგებლობა უწევდათ.
მანამდე სახალხო დამცველის აპარატმა სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ასევე საშინელი პირობები იყო გამოვლენილი.
სკანდალურად ცნობილ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა>>
შემოწმებამ გამოავლინა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე თერაპევტული თვალსაზრისით. ომბუდსმენმა საავადმყოფოში არსებულ პირობებს პაციენტების ღირსების შემლახავი უწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოდ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ოპტიმიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების მიზნით სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო ბედიანის საავადმყოფოსთან გააერთიანეს.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევის აშლილობის მქონე 84.142 ადამიანია რეგისტრირებული. უცნობია, რამდენი მკურნალობს კლინიკებში.