თბილისი, 18 მაისი — Sputnik. იაპონიაში G7-ის სამიტზე რუსეთში დასავლური საქონლის ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი განხილული არ იქნება, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
„არ ველოდები იმას, რაზეც ინფორმაცია გავრცელდა — ექსპორტის ყოვლისმომცველ აკრძალვას. ყურადღება გამახვილდება სანქციების დაცვაზე და მათთვის გვერდის ავლის თავიდან აცილებაზე“, — განაცხადა მან.
გარდა ამისა, სალივანის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ასევე იმსჯელებენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისა და ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის საკითხებზე.
მანამდე მედია წერდა, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმის შემოღებას აპირებენ, რომელიც რუსეთში ყველანაირი საქონლის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა ისეთი გამონაკლისისა, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სურსათი და მედიკამენტები.