იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა ქართული და ქართველური ენებისადმი უცხოელი მეცნიერების ასეთი ინტერესი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარის, ქალბატონ რუსუდან გერსამიას მოსაზრებებს გაგაცნობთ.
– ქალბატონო რუსუდან, თქვენ რით ხსნით უცხოელების ასეთ ინტერესს?
– ჩვენი ენების ტიპოლოგიური მონაცემები სხვადასხვა ქვეყნის კონფერენციების ორგანიზატორებისა და ძირითადი მომხსენებლების ინტერესის საგანი არაერთხელ აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, როცა ასეთი სახის კონფერენციები ან ვორქშოფები ვიწრო პროფილის მქონეა და მხოლოდ კავკასიური ან ქართველური ენების რომელიმე ენობრივ პრობლემაზეა ფოკუსირებული. მათ აინტერესებთ ენობრივი მასალა, რომელიც რომელიმე უმწერლობო ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ლინგვისტის მიერაა წარმოდგენილი, ვინაიდან სანდო მასალა მკვლევარისთვის ყველაზე მეტად ფასობს. უმწერლობო ქართველურ ენებში იგულისხმება ლაზური, მეგრული და სვანური.
რუსუდან გერსამია, ავსტრიელი მეცნიერი ვოლფგანგ დრესლერი, მაკა თეთრაძე, ზაალ კიკვიძე და მათი იტალიელი კოლეგა
– რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე ამ ენების შესწავლისა და გადარჩენის გზაზე?
– ეს პრობლემები ძირითადად იქიდან გამომდინარეა, რომ ელექტრონული ბაზები უმწერლობო ქართველური ენებისთვის დღემდე არ არსებობს. ჩვენთან ციფრულმა ჰუმანიტარულმა მეცნიერებამ ახლახან აიდგა ფეხი, უკვე შექმნილია რამდენიმე კორპუსი ქართული ენისთვის, ქართული ენის დიალექტებისთვის და ჩვენი კოლეგები დღესაც აგრძელებენ მუშაობას. თუმცა სხვა ქართველური ენებისთვის ჯერ ამგვარი ბაზები არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს კორპუსებზე დაფუძნებული კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენების ფუფუნება.
– რითია მნიშვნელოვანი უცხოელი მეცნიერების მოსაზრებები?
– ჩვენი უცხოელი კოლეგების რეცენზიები ხშირად ამითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად უჩვენებს დარგის ხარვეზს და გამოკვეთს პრიორიტეტებს. სხვადასხვა კონფერენციების შემთხვევაში ლინგვისტები აქტიურად ითხოვენ სტატისტიკაზე დამყარებულ დასკვნებს, რომლებიც უნდა წარმოადგენდეს დიდი მოცულობის ენობრივი კორპუსების მონაცემების დამუშავების შედეგს. აღნიშული საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ბოლო 3-4 წლის რეცენზიებში და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში უბრალოდ წარმოუდგენელია ამ მეთოდოლოგიის გარეშე რაიმე სერიოზული დასკვნების მიღება და მათზე საუბარი.
– ქართველური ენებიდან რომელია დაკარგული?
— დიდი ხანია ლაზური ენა საფრთხეში მყოფად მიიჩნევა, პრაქტიკულად დაკარგულია. ის, რაც თურქეთში ისმის, ეს არის რეპრეცენტირებული, ანუ მკვდარი რომ გააცოცხლო, ისეთი. რაც შეეხება მეგრულს, იუნესკომ ის, მართალია, შეიტანა საფრთხეში მყოფი ენების ნუსხაში, თუმცა მეცნიერთა შორის ეს აზრი არ არის აღიარებული – მეგრულს საფრთხეში მყოფად არ ვთვლით. სვანური საფრთხეშია, რადგან ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს და თან ეკომიგრაციის შედეგად გაფანტულია.
– ამ ეტაპზე ყველა ქართველური ენა თუ რჩება მსოფლიო მეცნიერების ინტერესის საგნად?
– რადგან სვანური, მეგრული და ლაზური ენები ტიპოლოგიურად ის ენებია, რომლებიც მათთვის მიმზიდველად რჩება მთელი მათი ლინგვისტური მახასიათებლებისა და თავისებურებების გამო, ტოპოლოგიურად მრავალფეროვანი მასალა ყოველთვის საინტერესოა ლინგვისტებისთვის, რომლებიც ამ ენათა მიმართების გზით ადგენენ ენობრივ უნივერსალიებს საერთო ენებს შორის და აყალიბებენ თეორიებს. ხშირად ამგვარი შედეგები ასამდე ენის მონაცემს ემყარება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორია ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის კოგნიტიური მოდელი, მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს აღქმის „ადამიანისეული ხედვა“, რომელიც აისახება ენაში მის ფონოლოგიურ, სემანტიკურ და გრამატიკულ სტრუქტურებში და ენის, ანუ იმავე სტრუქტურების მეშვეობით რეალიზდება.
ნინო მამულაშვილი