ქუთაისში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩასატარებლად აუზი აშენდა

ამჟამად მთავრდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი, უმოკლეს ვადაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისთვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.
ახალი აუზი ქუთაისში

„დასრულდა ქუთაისის ოლიმპიური აუზის მშენებლობა და თანაც ძალიან მალე. ტესტირებების დასრულების შემდეგ გვექნება ღირსეული სივრცე, სადაც ბავშვები, მოზარდები, პროფესიონალი სპორტსმენები და, ზოგადად, სპორტის მოყვარულები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის პირობებში ვარჯიშს როგორც აუზებზე, ისე ფიტნეს-დარბაზში“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ახალი ოლიმპიური აუზის დათვალიერების შემდეგ.

მინისტრის თქმით, აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა უკვე მოწოდებულია და ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი და ტესტირება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით.
ახალი აუზი ქუთაისში
აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და საზაფხულო კაფე. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები.
ახალი აუზი ქუთაისში
რაც ასევე მნიშვნელოვანია, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ამჟამად მთავრდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.