თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 18 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულებმა დაზარალებულს მისი ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად აღნიშნული პირი გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეტალურად შეისწავლეს გარემოებები და მტკიცებულებები, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს განაჩენს მოსამართლე უცხადებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე დაყრდნობით, რომელსაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ესწრებიან. ასეთი განაჩენის გასაჩივრება მხოლოდ უმაღლეს სასამართლოში შეიძლება. კასაციაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იკრიბებიან ახალი ნაფიცი მსაჯულები. მათი განაჩენი საბოლოო იქნება.