თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე ექსპერიმენტი ჩაიშალა და უნდა დასრულდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა.
„ექსპერიმენტმა არ გაამართლა და, შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი უნდა დასრულდეს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დღეს მოქმედმა პროცედურამ ვითარება ჩიხში შეიყვანა, აღნიშნა მან.
„ფაქტია, რომ ამ სისტემამ ჩიხამდე მიგვიყვანა, რაზეც ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით. საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსვლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ცესკო იყოს სრულად და სრულყოფილად, სრული ვადით დაკომპლექტებული წევრებისგან შემდგარი", – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ცესკოს ჰყავდეს დროებითი ხელმძღვანელი ან წევრები, რათა ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენონ არჩევნების მიმართ ნდობას, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას ამ ცვლილებებზე.
გარდა ამისა, მისი აზრით, ასეთი შესწორებების მიღების მიზეზი ისაა, რომ მან არ წარადგინა მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე, ხოლო ისინი, ვინც მან წარადგინა, „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სწორედ პრეზიდენტის ის ქმედებები გახდა ცვლილებების შეტანის ძირითადი ფაქტორი, როდესაც მან „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატების ნაცვლად სხვა კანდიდატები წარადგინა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილების საკითხი, რომლის განხილვაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
ცვლილებების არსი
ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ის შექმნის ასევე საკონკურსო კომისიას. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელიც იქნება. საკანონმდებლო ორგანოსთვის კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იცვლება ასევე არჩევნების პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე ხმათა უბრალო უმრავლესობით (76 ხმა), ისინი თანამდებობებს ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატების ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენს.
2021 წელს ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტი ვეღარ ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით.
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე
ამ დროისათვის საქართველოს ცესკოს ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში აირჩიეს ექვსი თვით. მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში მან კვლავ დაიკავა თავმჯდომარის პოსტი, მხოლოდ ისევ ექვსი თვის ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ წარდგენაზე, ხოლო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში ჩავარდა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კალანდარიშვილმა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და მას მმართველი პარტიის მიერ ხელდასმულს უწოდებს. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა.
ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულეს, მაშინ, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევები ვერ დაინახეს.