თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შემთხვევაში, შესაძლოა, ისეთი განცხადებები გააკეთოს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას დააზარალებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობამ, რომელმაც ჯერ კიდევ 27 აპრილს მიიღო მიმართვა პრეზიდენტის 31 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, პასუხი ჯერ არ გაუცია. სამაგიეროდ ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის განახლების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მთავრობამ თანხმობა მისცა.
„ჩვენ ვშიშობთ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები ზიანს მიაყენებს ჩვენს მისწრაფებას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში). თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტში. დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას სპეკულაცია უწოდა.
„პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში?" – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა არ გასცეს.