თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ოთწლიანი საქმიანობის დასრულების შემდეგ ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზი, როგორც ზელენსკიმ განმარტა, იყო დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობდნენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ საქართველოში ელჩის მოვალეობებს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ასრულებდა.
„მე ვტოვებ საქართველოს. მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპული ხალხების ერთიან მეგობრულ ოჯახში", – დაწერა კასიანოვმა.
დიპლომატი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი უახლოესი მომავლის საკითხია.
მისი თქმით, იგი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცებისთვის.
როგორც კასიანოვმა აღნიშნა, საქართველოში რჩებიან დევნილები უკრაინიდან, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ სითბოთი და სიყვარულით მიიღო და თანადგომა გამოუცხადა.
საქართველოში ყოფნის პერიოდში კასიანოვი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა. 2023 წლის იანვრის ბოლოს დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად. ამის შემდეგ კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
გარდა ამისა, კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა" და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით და უკრაინის წინააღმდეგ არამეგობრული განცხადებებით. მისი თქმით, რუსეთთან კონფლიქტში უკრაინა საქართველოსგან მეტ დახმარებას ელოდა.