რუსეთში უვიზოდ ქართველი მძღოლებიც შევლენ

საქართველოს მოქალაქეები რუსეთში წასვლას 23 წლის შემდეგ უვიზოდ შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, აღარ დასჭირდებათ ვიზა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას, იუწყება "პირველი არხი" საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისს ამოქმედდა. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას შეძლებენ მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე და იქ დარჩენას ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღის განმავლობაში.

„ამდენად, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა და გამოსვლა შეუძლით ვიზის გაფორმების გარეშე, პიროვნების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტებით დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე სწავლისთვის.
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბერში დააწესა. მიზეზად პანკისის ხეობიდან ტერორისტების გადასვლის საფრთხე დასახელდა.