რომელი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად საქართველოში - კანონში ცვლილებები შევიდა

ავტომობილი უნდა წარმოადგენდეს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით 72 ხმით მიიღო, ცვლილებები ეხება „კლასიკური ავტომობილის“ ცნებას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ის ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად.
დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხებიც.
კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები.