თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ევროკავშირმა პრაქტიკულად დაასრულა ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობა, თუმცა, დიდი ალბათობით, მასში არ შევა რუსეთიდან მილსადენის გაზის იმპორტის აკრძალვა, იუწყება Politico რამდენიმე ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ამგვარ ზომას ის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც დღესაც იძენენ რუსეთისგან მილსადენის გაზს.
„გამომდინარე იქიდან, რაც მოვისმინე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს. ქვეყნები, რომლებიც ჯერ ისევ არიან დამოკიდებული [რუსულ] გაზზე, ძალიან დიდ წინააღმდეგობას სწევენ. სანქციების მე-11 პაკეტი თითქმის მზადაა და ამ მნიშვნელოვანი ზომის მასში შეტანა ამ მომენტში არ გამოვა“, — განუცხადა გამოცემას ანონიმმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ახალი, მე-11 პაკეტი G7-ის უახლოეს სამიტზე გამოცხადდება, რომელიც 19-21 მაისს გაიმართება იაპონიაში.
ახალი სანქციების მიზანია მანამდე დაწესებულ რესტრიქციებში არსებული ხვრელების დახურვა, რომელთა წყალობითაც სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდება შესაძლებელი.
როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ახალი პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ევროპული საქონლის რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ტრანზიტის აკრძალვას და ასევე საქონლის ექსპორტის აკრძალვას იმ ქვეყნებში, რომლებსაც სანქცირებული პროდუქტების რუსეთისთვის მიწოდება შეუძლიათ.
წყარო: Politico