კვარიათში კაფეს მეპატრონემ თავის დაწვა სცადა

Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ბათუმში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია TV 25.
შემთხვევა კვარიათის დასახლებაში დღეს, დილით სანაპიროზე არსებულ კვების ობიექტ „ტორნადოში" მოხდა.
კაფეს მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.
მამაკაცმა ბენზინი სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის დროს გადაისხა.

„ყველას გთხოვთ შეაჩეროთ ეს უსამართლობა. შეაჩერეთ არჩილ ჩიქოვანის (ბათუმის მერი) და აჩიკო კონცელიძის (ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი) უკანონო ქმედება. „ტორნადოს" დანგრევა უკანონოდ იწყება", – განაცხადა ობიექტის მეპატრონემ.

კაფეს მეპატრონემ ობიექტის საკუთარი სახსრებით დემონტაჟის პირობა დადო, თუმცა მანამდე ორთვიანი ვადა ითხოვა იმ სესხის დასაფარად, რომელიც კაფეს მშენებლობისთვის აქვს აღებული.
როგორც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა განაცხადეს, ობიექტის მფლობელს ერთთვიანი ვადა ჰქონდა მიცემული, რომელიც ამოიწურა.