თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აშშ საქართველოსთან მუქარის ტონით საუბრობს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას.
პატელმა განაცხადა, რომ თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის. მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთს და ახლა მასთან ურთიერთობების გააქტიურების დრო არ არის. აშშ ყურადღებით დააკვირდება ვითარებას და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ნაბიჯებს გადადგამს, აღნიშნა მან.
„ხედავთ, როგორი დამოკიდებულება არსებობს – პარტნიორი ქვეყანა საქართველოს მუქარის ტონით ელაპარაკება... მუქარის ტონი მოდის აშშ-დან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც კვლავ პატივს სცემენ პარტნიორობას. ის დრო დამთავრდა, როცა საქართველო მუქარის ტონს აიტანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
ამ ცნობის გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფრენები განხორციელდება მხოლოდ იმ თვითმფრინავებითა და იმ კომპანიების მიერ, რომლებზეც ანტირუსული სანქციები არ ვრცელდება.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამისგან მხოლოდ საქართველო დაზარალდება.