არსებობს ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა - საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე

დღეს ოჯახის, ტრადიციული ქორწინების, სიცოცხლის დაცვა – არის ნამდვილი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, განაცხადა მღვდელმსახურმა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ტრადიციული ფასეულობების ნგრევის მცდელობა შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში და ეს აისახება საქართველოშიც, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
მეუფე შიომ იქადაგა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
ოჯახის სიწმინდის დღე. 2023 წლის 17 მაისი

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არის ტრადიციული ფასეულობების ნგრევის და რღვევის მცდელობა, როდესაც მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებას, როგორც ღმერთის მიერ დაწესებულ ერთადერთ და ნორმალურ ფორმას, თავს ესხმიან“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი სიტყვებით, დღეს კანონმდებლობის, საერთაშორისო შეთანხმებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ნორმები, რომლებიც ახალისებენ თანაცხოვრებას ქორწინების გარეშე, სექსუალური გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და სხვ.
მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ბოლო წლებში დაემატა ბავშვების სქესის შეცვლის წახალისებაც.
„ყველა ის ადამიანი, რომელიც ამას ეთანხმება, ხშირად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ ან არ სურთ დაინახონ მთავარი – ადამიანს აქვს უფლება უბრალოდ დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე“, – თქვა ღვთისმსახურმა.
რის საფუძველზე ართმევენ ბავშვს ამ უფლებას და რატომ ითვლება დედის მუცლად ყოფნისას ასეთი ბავშვის სიკვდილი კანონიერ საქმედ? – დასვა კითხვა მეუფე შიომ აბორტებზე საუბრისას.

„ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის, ტრადიციული ქორწინების, სიცოცხლის დაცვის დღეა. ესაა ნამდვილი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ესაა ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ესაა ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან“, – აღნიშნა მან.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ შემოიღეს, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა დაარბიეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია. დღე დააწესა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს.
როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი - „კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია“.