მსოფლიო დღეს

ცნობილი გახდა ევროპარლამენტში მომდევნო არჩევნების თარიღი

Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-დან 9 ივნისამდე პერიოდში გაიმართება, იუწყება EurActiv შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ ჯესიკა როსვოლის წერილზე დაყრდნობით, რომელიც მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას გაუგზავნა.
როგორც წერილშია განმარტებული, იმის გამო, რომ წევრმა ქვეყნებმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობით, კენჭისყრა ივნისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

„როგორც იცით, არჩევნების შესახებ ევროკავშირის კანონით, თარიღების შეცვლას ევროპარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ესაჭიროება. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელი მხარდაჭერა ვერცერთმა ალტერნატიულმა თარიღმა ვერ მიიღო, გამოყენებული იქნება ევროკავშირის საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი თარიღები“, — დაწერა როსვოლმა.

თავად რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს არჩევნების ჩატარებას 23-26 მაისს სთავაზობდა.
როგორც EurActiv წერს, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოშვას ევროპარლამენტის დეპუტატებისთვის, ვინაიდან მათ ნაკლები დრო ექნებათ უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად და ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
მანამდე, მიმდინარე წლის 3 მაისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში არჩევნების წესების გადახედვას, რაც ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაში ხალხის როლს გააფართოვებს და საშუალებას მისცემს მათ, ხმა მისცენ ევროკავშირის დეპუტატებს ევროპარლამენტში მოსახვედრად.
ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით, თითოეულ ამომრჩეველს ორი ხმა ექნება: ერთი ევროდეპუტატის ეროვნულ ოლქებში ასარჩევად, მეორე კი — ევროკავშირის ოლქში.
იმისათვის, რომ სიები გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიხედვით დაბალანსებული იყოს, წევრი სახელმწიფოები სამ ჯგუფად დაიყოფიან მათი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.