ძალოვანი სტრუქტურების 3 თანამშრომელი ძალადობაში ამხილეს - სპეცსამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ შემთხვევაში გამოძიება დაზარალებული მოქალაქეების მიმართვისთანავე დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. შსს-ს ორი თანამშრომელი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი ამხილეს ძალადობრივ დანაშაულში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც 2023 წლის 16 მარტს ქალაქ თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მოქალაქეს სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე ბრალდებულმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა 2021 წლის მაისისა და დეკემბრის თვეში, ასევე 2022 წლის აპრილში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცველს ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს შეეფარდა გირაო 4000 ლარის ოდენობით და ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მესამე ბრალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც 2022 წლის მაისში, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში, ასევე 2023 წლის მარტში ქალაქ თბილისში მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, რომ თითოეულ საქმეზე გამოძიება დაზარალებული მოქალაქეების მომართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილე სამართალდამცველების მამხილებელი მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას დაედო საფუძვლად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთწლიანი მუშაობის შედეგად არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 36 სამართალდამცველის მიმართ არის დაწყებული.