თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრისთვის იბრძვის.
სერია A-მ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო გუნდის წევრობის პრეტენდენტები დაასახელა. ფორვარდებს შორის ქართველი ფეხბურთელიცაა. კვარაცხელიასთან ერთად სიაშია მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, ასევე „მილანის“ თავდამსხმელი რაფაელ ლეაო, ანხელ დი მარია „იუვენტუსიდან“.
ხმის მისაცემად საჭიროა ბმულზე გადასვლა და იმ 11 მოთამაშის არჩევა, რომლებიც, თქვენი აზრით, მიმდინარე სეზონში საუკეთესოები იყვნენ: http://bit.ly/433q3uf .
ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური კლუბი „ნაპოლი" 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ეს კლუბის ისტორიაში სერია A-ს გამარჯვებულის მესამე ტიტულია. აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა – 1986/87 და 1989/90 წლების სეზონებში. ავტორიტეტული სპორტული გამოცემები კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობის თანაავტორს უწოდებენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.