თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ სპეციალური მობილური აპლიკაცია Fix Tbilisi აამოქმედა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
აპლიკაცია აერთიანებს პრობლემების ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება. Fix Tbilisi-ის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან ან App Store-დან.
„თუ შევნიშნეთ რაიმე დაზიანება, ვიღებთ ფოტოს, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვუთითებთ მისამართს და ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული. ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც შეტყობინებას გაგზავნის, მუნიციპალური სამსახურებიდან მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ ხდება პრობლემის მოგვარება და რა ვადებში აღმოიფხვრება იგი სრულად.
გარდა ამისა, აპლიკაციაში იქნება ორი გრაფა, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს თვალყური ადევნოს იმას, თუ რამდენი მოთხოვნა აქვს უკვე გაგზავნილი მერიაში და მათგან რამდენი გადაიჭრა.
„ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას სოციალური ქსელის ან „ცხელი ხაზის" მეშვეობით", – განაცხადა მერმა.
Fix Tbilisi-ის აპლიკაციის პრეზენტაციაზე კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად ებრძოლონ ვანდალიზმს და აუხსნან ახალგაზრდა თაობას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება – ახალი პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები – მათთვის კეთდება.
აქამდე მოქალაქეები ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის „ცხელი ხაზის", გამგეობების ან სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდნენ.